четверг, 10 апреля 2014 г.


                    ვაჟა-ფშაველა



ოფიციალური სახელი:ლუკა რაზიკაშვილი
სხვა სახელი:ვაჟა-ფშაველა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1915  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

    დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რ-ნი, სოფ. ჩარგალი.
    8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
   ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: ”ალუდა ქეთელაური”, 1888; ”ბახტრიონი”, 1892; ”სტუმარ-მასპინძელი”, 1893; ”გველის მჭამელი”, 1901 და სხვ.
     ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: ”შვლის ნუკრის ნაამბობი”, 1883; ”ხმელი წიფელი” (1888 – 1889); ”ქუჩი”, 1892; ”მთანი მაღალნი”, 1895 და სხვ.
     ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა ”მოკვეთილი”, 1894. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს (”ლაშარობა”, 1888; ”ფშავლები” – ”ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” – 1896 და სხვ.). მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.





გაზაფხული

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.

თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია





             
                                                                               


არწივი


არწივი ვნახე დაჭრილი, 

ყვავ-ყორნებს ეომებოდა, 

ეწადა ბეჩავს ადგომა, 

მაგრამ ვეღარა დგებოდა, 

ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, 

გულისპირს სისხლი სცხებოდა. 

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, 

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, 

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს 

გაშლილს, გაფანტულს ველადა! 





                  პაპიჩემის ანდერძი

შვილო, რად სტირი ნეტარა,
                                რა უბედობა გეწვია?
                        ჭირში ყოფნის დროს გაძლება
                             მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა,
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

                         აგრემც ექნება პაპაშენს
                            დღე გრძელიო და სრულიო,
                              ნუ დაისვენებ, ებრძოლე
                                მტერს, მინამ გიდგა სულიო,
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო. 



იას უთხარით ტურფასა

(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო. 


Комментариев нет:

Отправить комментарий