понедельник, 7 апреля 2014 г.

9 აპრილი

                           გვახსოვდეს     9 აპრილი
         
                                        ის ჩვენი ტკივილია


      ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. და აი, 9 აპრილიც:
   1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ ადამიანთა ბრბოს თუ მათ ადამიანებს ვუწოდებთ, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს.
 ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… 
    რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კი… რამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა…
  მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები. მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში, ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.
 თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.










Computer

დაღუპულთა სია


9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენტის შენობის წინ, 2008 წ.)
  • აზა ადამია, 22 წლის
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი,
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის



                                                         სანამ იარსებებს ერი
თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს...
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება
სანამ იარსებებს ერი
.  
9 აპრილი "შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო"

 შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
                           სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
                           ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
                          ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
                          არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.
                                ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
                                გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
                                ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
                                და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
                                           დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
                                           წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
                                          შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
                                          სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.





                           ოცდაათი ვერცხლი

რუსთაველზე, 

წმინდა ნინოს

და მაცხოვრის ხატთან,
რუსთაველზე,
მლოცველების
და სანთლების ზღვასთან,
მოღალატის,
კაცისმკვლელის,
სატანების ფერხთით,-
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
აფხაზეთში,
ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთან,
აფხაზეთში,
საქართველოს
მაჯასთან და მკერდთან,
მოღალატის,
გარეწარის,
ანტიქრისტეს ფერხთით,-
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
სამაჩაბლოს,
თეთრი ტაძრის
და ლიახვის პირას,
სამაჩაბლოს,
ავი ხელით
ტყვიადახლილ დილას,
მოღალატის,                                                              


მოძალადის
და ხიზანის ფერხთით,-
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
ოცდაერთში,
კოჯრის ტყესთან
და თბილისის კართან,
რუსთაველზე,
მლოცველების
და სანთლების ზღვასთან,
აფხაზეთში,
ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთან,
ქვემო ქართლში,
სიონთან და
წინაპართა ძვლებთან,
მოღალატის,
ნაძირალას,
უცხო ტომთა ფერხთით,-
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
გაყიდული საქართველო,
გაყიდული სისხლი,
გაყიდული მაცხოვარი,
გაყიდული ფიცი.
ოცდაათი სატკივარი,
ოცდაათი ცეცხლი,
ოცდაათი სიძულვილი,
ოცდაათი მეხი.
ოცდაათი ნაძირალა
შარაგზაზე გდია...
საქართველოს მოღალატეს,
საქართველოს მოღალატეს.
საქართველოს მოღალატეს,-
ოცდაათი ტყვია!

თინათინ მღვდლიაშვილი
1990 წელი


ანათემა

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.

დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,
ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.

ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,
ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,
კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.

ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.

შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,
”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.

ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.

მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,
ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,
ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!

მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.
ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო, სამართალი რომ არ არი,
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.

ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,-
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,
დარჩა თბილისი და ატირდა.

დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,
ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,
ბორგავს გონიო და სამშვილდე…

”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო…
გარსა ეხვეოდაო… მარადის
მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…”
გულს მფხანს ქართველების ღაღადი.

ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!

ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!



მორის ფოცხიშვილი
24 აპრილი 1989წ.














Комментариев нет:

Отправить комментарий