понедельник, 14 апреля 2014 г.

                    14 აპრილი- დედაენის დღეა





 გილოცავთ დედაენის დღეს! ქართული ენის საწყისი ზეცაა...

"ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი,


 ვითარცა გონება და სიყვარული. მასშია მთელი საქართველო, გაზაფხულზე 

გაშლილი ვარდივით მშვენიერია, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი,

 უფალია მისი მშობელი და მფარველი.სიტყვა მისი მჭრელია ვითარცა დავით

აღმაშენებლის ხმალი."–

                           საქათველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II.




        
    ადამიანები ენის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ აზრებს, უხიარებენ 

მათ ერთმანეთს და მაყარებენ ურთიერთობას. ქართული ენა მდიდარია 

სიტვათა მარაგით. მაგალითად ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში 

შეტანილია და განმარტებული 113 000-მდე სიტყვა. ცხადია, ეს რაოდენობა არ 

ამოწურავს ქართული ენის ლექსიკურ სიმდიდრეს. ქართულ ენაში სიტყვები 

ბევრად უფრო მეტია.

სალიტერატუროა ენა, რომელიც ლიტერატურაში, მწერლობაში არის 


გამოყენებული. იგი იცავს ენის სიწმინდეს, მართლმეტყველებისა და

 მართლწერის წესებს.






            მწერლობის მქონე ენები სალიტერატუროც არის და სასაუბროც, 


უმწერლობო ენები კი მხოლოდ სასაუბროა.

            ერთი ენისგან წარმოშობილ ენებს მონათესავე ენები ჰქვია. ქართული,


 მეგრულ-ჭანური და სვანური ერთი ფუძისგან არიან წარმოშობილი და

 უახლოესი მონათესავე ენებია.

   სამივე ენა ჩვენია, ქართველებისაა, ამიტომ მათი საერთო სახელია - 


ქართველური ენები. ამათგან ქართული ენა სალიტერატურო ენაა. 

ქართული ენა ქართველი ერის საერთო ეროვნული ენაა.





ენა ქართული
ქართული მარტო ენაა?!-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!-
იმოდენაა!
მ.მაჭავარიანი 1978




იაკობის  პორტრეტი.jpg
პირველად  დედა-ენა  უნდა  მეფობდეს  ქართულს  ოჯახობაი, ყოველი  პატარა  ქართველი  მხოლოდ  მის  ზეგავლენის  ქვეშ  უნდა  იზრდებოდეს  დავითარდებოდეს  ამბობდა  დიდი  იაკობი.





დედაენა.jpg
იაკობ  გოგებაშვილი  დაიბადა  1840  წლის  27 ოქტომბერს  გორის  რაიონ  სოფელ  ვარიანში.
ვარიანი.jpg
1876  წელს  გამოსცა  საანბანო  წიგნი  დედაენა,  რომელიც 1925 წლამდე ყოველწლიურად  გამოდიოდა. 
იაკობ  გოგებაშვილის  ისტორიული  ნოთხრობები;   
'' ერეკლე  მეფე და  ინგილო  ქალი''
''თავდადებული  ქართველნი''
''სხივი  წარსულისა''
ფსიქოლოგიური  მოთხრობები;
''იავნანამ  რა  ქნა?
''ხატის  მიზეზით''

ქარრთველმა  ხალხმა  ''დედაენას''  ძეგლი  დაუდგა.  ეს  კი  იშვიათი შემთხვევაა  მთელ  მსოფლიოში.





დედაენის  ძეგლი.JPG





         
დედაენა 


დედაენა, სიბრძნის წიგნი,
 მოჩუხჩუხე ცხრა წყარო
 აი ია, აი თითი, 
აი მთელი სამყარო.
 დედაენა, სიტყვის კონა, 
მზის სხივებით დართული, 
დაშაქრული, დათაფლული, 
დედაენა ქართული, 
სულ უჭკნობი გაზაფხული, 
ყვავილების შრიალი,
 ბულბულების ფრთების გაშლა,
 სალამურის წკრიალი. 
ათას ჭირში გამოვლილი,
 ჩვენი ჭირი და ლხენა, 
მალხაზების ფეხის ადგმა, 
თვალის პირველახელა, 
ვინ გვასწავლა სიყვარული 
მშობლიური მთა-ველის,
 ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
 მიწის ყველა მტკაველი.
 ვინ გვასწავლა სიყვარული
 ყანების და ზვრებისა, 
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
 შუქი გათენებისა,
 მამა-პაპის სიყვარული 
ვინ გვასწავლა პირველად, 
ჭირსა შიგან გამაგრება, 
ქვეყნის გასაკვირველად
 და რკალივით შემოევლო
 ჩვენი ქვეყნის კიდე-განს, 
აკვანშივე დაგვაფიცა
 საქართველოს დიდება, 
დედაენას, დედასავით მოფერება სჭირდება,
 ვინ წაგვკიდა რუსთაველის
 სიყვარულის ალმური, 
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
 სიყვარული მამულის, 
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
 მკერდზე ციცინათელებს, 
ამ განძს თუ არ მოუარე, 
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
 მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
 აი ია, აი თითი, 
აი მთელი სამყარო.


ლილი ნუცუბიძე




                               





ხმა კატამონთან

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან – ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

ირაკლი აბაშიძე

суббота, 12 апреля 2014 г.

           აბა ჩემო კარგებო , მივხედოთ დავალებებს...

 მტრედის მოტნილი ბარათები ისევ რუსიკო მასწავლებლისაგან







გისურვებთ წარმატებებს!
                     ილია ჭავჭავაძე





 დაბადება:27 ოქტომბერი 1837 წელი
 ტიტული: თავადი
 ქორწინება:10 აპრილი 1863 წელი, მეუღლე - ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი დაბ. 12 მარტი 1842 გარდ. 27 აპრილი 1927
 გარდაცვალება:30 აგვისტო 1907 
ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, 1837 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ.
   მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ,   
    დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც.

   დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.


   1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: “შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!” – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.
წმიდა ილიას ცხედარს მთელი საქართველო დასტიროდა. ქართველი ერისთვის მომხდარი ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი გახლდათ.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 
1907 წლის 30 აგვისტო – წიწამურის ტრაგედიის დღე-უდიდესი სამგლოვიარო თარიღია

 ქართველი ერისა.  ილიას წმინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში,

არაგვთან.ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა 

საქართველოში.

9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი 


მთელი

 საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას .


ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას 


ნეშტი 

თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო 

რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი 

წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.






გაზაფხული

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,      
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

 აყვავებულა მდელო,
     აყვავებულან      მთები;    
                                                                                                             მამულო საყვარელო,
                   
 შენ როსღა აყვავდები?
          




 პოეტი

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!



                                         ბაზალეთის ტბა
 ბაზალეთისა ტბის ძირას
 ოქროს აკვანი არისო,
 და მის გარშემო, წყლის ქვეშე, 
უცხო წალკოტი ჰყვავისო. 
მწვანეა მუდამ წალკოტი,
 არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
 ქვეყნისა დროთა ტრიალსა
 იგი არ ემორჩილება. 
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს 
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
 და იმის მზიან ჩრდილებში
 მუდამ გაზაფხული არი. 
წალკოტის შუაგულშია 
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
 არავის გაუბედნია.
 მარტო ერთნი სირინოზნი
 იმ აკვანს გარს ეხვევიან,
იგინი გრძნეულნი
 დასტრფიან და დამღერიან...
 ამბობენ, - თამარ დედოფალს
 ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
 ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ -
 აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
 ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
 ვისიც არ ითქმის სახელი,
 ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
 ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
 ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
 დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

                    უყურეთ ფილმს:,,გლახის ნაამბობი"



пятница, 11 апреля 2014 г.

                 აკაკი წერეთელი – ბიოგრაფია




უყურეთ ფილმს:
აკაკის აკვანი





აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები
        აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
    აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
     ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს.




აკაკი წერეთელი

შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.
     აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.
        დედა - ეკატერინე აბაშიძე-წერეთლისა  ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.
   აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).

ძიძასთან სავანეში

    ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.


   აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო სოფელ სავანეში


ამ კეკლუც სოფელში ,,სავანე"- ში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.


აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სოფელი სხვიტორი


აკაკი სხვიტორში

ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.

     ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

ილია და აკაკის ძეგლი თბილისში

       წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს,ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
   აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
 უყურეთ ფილმს,, ბაში-აჩუკი"


ახლა კი ლექსები:

გაზაფხული

                     გაზაფხული დღეს მერცხალი შემოფრინდა,
 ჭიკჭიკითა გადმომძახა: 
“გაზაფხული! გაზაფხული!” 
გულს იმედი დამესახა. 
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
 არემარე მესხვაფერა! -
 სასოებამ ფრთა გაშალა,
 გულსა მკრა და ამიძგერა!
 სუნი მეცა გაზაფხულის, 
უცნაური ვიგრძენ ძალი... 
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? 
ახლოს არის მომავალი! 
“მოვესწრები, რაც მინდოდა
 ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
 ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
 გავიგონებ მის მაყრულსა.
 “დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, 
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
 და ბულბულიც გამაგონებს მისებურად “ტია, ტიას!”




ყმაწვილი და პეპელა

ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა. 


პოეტი

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.

ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.

ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;

ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!

თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა!

 


გაზაფხული 
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც 
ეშხით გული გაუღია.

ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.

მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.

ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.

და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

четверг, 10 апреля 2014 г.


                    ვაჟა-ფშაველა



ოფიციალური სახელი:ლუკა რაზიკაშვილი
სხვა სახელი:ვაჟა-ფშაველა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1915  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

    დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რ-ნი, სოფ. ჩარგალი.
    8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
   ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: ”ალუდა ქეთელაური”, 1888; ”ბახტრიონი”, 1892; ”სტუმარ-მასპინძელი”, 1893; ”გველის მჭამელი”, 1901 და სხვ.
     ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: ”შვლის ნუკრის ნაამბობი”, 1883; ”ხმელი წიფელი” (1888 – 1889); ”ქუჩი”, 1892; ”მთანი მაღალნი”, 1895 და სხვ.
     ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა ”მოკვეთილი”, 1894. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს (”ლაშარობა”, 1888; ”ფშავლები” – ”ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” – 1896 და სხვ.). მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.





გაზაფხული

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.

თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია





             
                                                                               


არწივი


არწივი ვნახე დაჭრილი, 

ყვავ-ყორნებს ეომებოდა, 

ეწადა ბეჩავს ადგომა, 

მაგრამ ვეღარა დგებოდა, 

ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, 

გულისპირს სისხლი სცხებოდა. 

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, 

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, 

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს 

გაშლილს, გაფანტულს ველადა! 





                  პაპიჩემის ანდერძი

შვილო, რად სტირი ნეტარა,
                                რა უბედობა გეწვია?
                        ჭირში ყოფნის დროს გაძლება
                             მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა,
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

                         აგრემც ექნება პაპაშენს
                            დღე გრძელიო და სრულიო,
                              ნუ დაისვენებ, ებრძოლე
                                მტერს, მინამ გიდგა სულიო,
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო. 



იას უთხარით ტურფასა

(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.