ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა? სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად, თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
ლადო ასათიანი
გილოცავთ დავითობას
დავით აღმაშენებელს
როს გადაწვეს ოსმალებმა ქუთაისი, შენი გულიც ჩაიფერფლა მაშინ. კვამლისფერი შუადღეა თუ დაისი? მეფედ დასვეს თექვსმეტი წლის ბავშვი. აღაშენე მონასტერი იქ გელათის, ტაძრის კართან ფეხს დაგადგამ გულზე, ნათლის სხივი მოკამკამე იმ კელაპტრის, შენს დიდებას მაგრძნობინებს უცებ. ნიკოფსიას და დარუბანდს დღეს მივტირით, ნაბოძვარს ვერ გაუფრთხილდა ერი, ნეტავ ფეხზე წამოდგე და გამოგყვებით, რომ კუდით ქვას კვლავ ისროდეს მტერი.
დავით მეფეს
აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება ყალყზე შემდგარი რაშით! გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, დავით! რა დაგვიტოვე, და რას გახვედრებთ, რით მოვიწონოთ თავი? ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ, ვერ ვიდიდგორეთ, დავით! მიწა გაგვიყიდეს, ხორცი დაგვიფლითეს, გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით! გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ, სულში გვაფურთხებენ, დავით! გადამთიელები, უცხოტომელები, ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით! გადამიარეთო! - ასე დაგვიბარე, გადაგვიარეს, დავით! ვერ დავიცავით სრულიად საქართველო, ვერ მოვუფრთხილდით წამით! ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწყალდა, დავპატარავდით, დავით! მტერმაც გვლეწა და ერთურთიც ვლეწეთ, ვლეწეთ დღისით და ღამით! ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით, სამცხეს მივტირით დავით! თინათინ მღვდლიაშვილი
-ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი”ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ… ეს… მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ… მეფეო, რაღა ჰქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით გულზე ყოველთა… ანა კალანდაძე
დავით აღმაშენებელს
შენის დიდებით აშუქე მთები, შენს ნაამაგარს ზღვები გალობდნენ, ხმლით განამტკიცე შენ საქართველო დარუბანდიდან რკინის პალომდე. თვით უმორჩილო ზღვას დასდევ ხელი, შეაბი რკინის კარი დარიალს, შენგან დადგმული ქვაკუთხედები ახლაც ისევე დაუმდნარია. შენი ნამუხლი სჩანს ხეობებში, შენი სახელი ვის არ ელოცა, საკუთარ შუქით გამოუზარდე დღე ხვალინდელი საქართველოსა! შენი ხელთქმნილი არის სამშობლო, ვინ დაგეწონა ძველად, რომელი? - ბრძენი შენებრი განგებიანი, შენებრ მხედარი დაუდგრომელი! ლომო, აღმდგარო სამშობლოსათვის, დროშა ძლევისა გყავდა მხლებელი, ვინ გადეხვეწა ცხენით შენს მახვილს, რომელი ჩვენი მაოხრებელი, - არაბიელი, თურქმანი, სპარსი და ვინც მოჭამა ჩვენი ქვეყანა, შენს მკლავს ხმალაწვდილს, საზღვართა გარე, როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა! აბჯრის ჩხერაში, ხმალთა ელვაში, მზერდი მომავალს შორს გამხედარი და იდექ სვეტად საქართველოსი, ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი. გიორგი ლეონიძე |
вторник, 28 января 2014 г.
ქართული ენა და ლიტერატურა
Подписаться на:
Сообщения (Atom)